ქერჩის კოლეჯში აფეთქება ტერაქტად აღარ განიხილება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის კოლეჯში აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ის ახლა განიხილება საზოგადოებისთვის სახიფათო საშუალებით ორი და მეტი ადამიანის მკვლელობის მუხლით. მანამდე საქმე აღძრული იყო ტერორიზმის მუხლით. ყირიმის ქალაქ ქერჩის კოლეჯში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 17 და დაშავდა 50-მდე ადამიანი. სასწავლებელზე თავდასხმა განახორციელა მისმა სტუდენტმა, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა, - განაცხადა კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძულის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, თავდამსხმელი იყო კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი, 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, გამოძიებულ იქნეს დანაშაულის მოტივები.