პროტესტის მიზეზად ქცეულ ევრაზიულ ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს არ უშვებენ

ბიზნესფორუმზე სახელწოდებით: „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“, რომელსაც სასტუმრო „ძველი თბილისი“ მასპინძლობს, ჟურნალისტები არ შეუშვეს.

სასტუმროს ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა ანტისაოკუპაციო აქციის გამო. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და განაცხადეს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოში ფორუმს არ უნდა მართავდეს.

„აღიარეთ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა!“ - მიმართეს აქციის მონაწილეებმა სასტუმროს ადმინისტრაციას.

სასტუმროსთან, სადაც ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, მივიდა პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც უარყო ღონისძიების ორგანიზატორებთან რაიმე კავშირი და ტერიტორია მალე დატოვა.

„მეგობართან მაქვს შეხვედრა. აქ შემთხვევით ვიმყოფები“, - განაცხადა დუპუტატმა. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, „საქართველო არ არის ევრაზიული კავშირის წევრი და ასეთ ფორუმებს კარს არ უნდა ვუღებდეთ“.

რაც შეეხება ბიზნესფორუმს, „აქცენტი გაკეთდება საქართველოს ურთიერთობაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან" - უთხრა რადიო თავისუფლებას მარინა აგამალიანმა, წარმომადგენელმა კომპანიისა „ივენცენტრი“, რომელიც ღონისძიებებს უგეგმავს ერევნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას. ორგანიზატორებს შორის დასახელებული იყო "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, თუმცა ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმადირექტორმა, ლაშა ლაბაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო. ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს ბიზნესფორუმში.

რუსეთის ინიციატივით დაარსებული „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი და ყაზახეთი.