პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „კრიმინალთა ბრბო“ უწოდა საქართველოს ხელისუფლებას. ქართული სააგენტოების ცნობით, მთავარ პროკურატურასთან 19 ოქტომბერს გამართულ აქციაზე „ნუ გვაბოლებ“, მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებისაგან არაფერს არ ელოდება. „ყველანაირად ცდილობენ თუნდაც ზაზა სარალიძის საქმით გადაფარონ, ჩაფარცხონ, დააკონსერვონ ჩემი საქმე. იმიტომ რომ მათ მიერვე ჩადენილი საქმის გამო, შიშით გული უსკდებათ მოხელეებს, რომლებიც დღეს სათავეში სხედან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე პირის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საკუთარ სახლში დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.