პროკურატურამ გიგა მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მოითხოვა

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც ანტისაოკუპაციო აქვიების მუდმივი მონაწილე, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ პროკურატურამ მას გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა და საამისოდ მას ფსიქოლოგიც გაესაუბრა.

„დამცინიან, უნდათ, რომ გავჩერდე, მაგრამ არ გავჩერდები“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ მას ყოველ მეორე დღეს დაატარებენ გორში, რაღაც საბუთებზე ხელის მოსაწერად და საქმის გასაწელად.

ეს ამბავი უკავშირდება დაახლოებით ათი დღის წინ, გორში, ქალაქის მერიასთან გამართულ აქციას, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, გიგა მაქარაშვილმაც, ქალაქის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება (რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო) გააპროტესტეს და მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს. საპასუხოდ კი გორის მერიის თანამშრომელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.