მარნეულში საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციამ ორი პირი დააკავა

მარნეული

მარნეულში პოლიციამ დააკავა და შულავერის განყოფილებაში გადაიყვანა „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სოფელ იმირის 59-ე უბანზე.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გივი ქველაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაპირისპირება მოხდა უბანზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა ნავერიანის გამოჩენის შემდეგ.

"ნავერიანი ბევრ უბანზე დავაფიქსირეთ. ის აგიტაციას ეწევა ", - განაცხადა გივი ქვლივიძემ, თუმცა მამუკა ნავერიანმა, რომელიც ამავე უბნის ეზოში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არანაირ აგიტაციას ის არ ეწევა და, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს.

კომენტარი გააკეთა უბნის კომისიის თავმჯდომარემ ბაკირხან კალანდაროვმა, რომლის თქმითაც, საარჩევნო უბნის გარეთ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მისთვის უცნობი ახალგაზრდები.

„შიგნით არავინ შემოსულა, უბნის პარალიზება არ მომხდარა“, - უთხრა ჟურნალისტებს კალანდაროვმა.

Your browser doesn’t support HTML5

დარღვევები მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე