საკრებულოს არჩევნებში "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

28 ოქტომბერს ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თერჯოლაში ხმების 50,55%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ბარათაშვილმა, ხოლო სამტრედიაში „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატმა აკაკი მინაშვილმა 46,87%-ით.

გიორგი ბარათაშვილის გარდა, თერჯოლაში კენჭს იყრიდნენ "ევროპული საქართველოს" კანდიდატი რევაზ გრძელიშვილი, რომელსაც ხმა მისცა 14,95%-მა,„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი ნონა კვახაძე - 33,9% და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ბესიკ ტაბატაძე 0,61%. აკაკი მინაშვილის გარდა, სამტრედიაში კენჭს იყრიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ რუხაძე, რომელსაც ხმა მისცა 40,65%-მა, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ნიკოლეიშვილი - 4,33% და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მალხაზ ნოდია 8,15%.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ქალაქ სამტრედიასა და თერჯოლის ძევრის თემში ჩატარდა სულ ექვს საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი.

თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თერჯოლაში გამარჯვებული მანუჩარ ფანჩულიძე მერის მოადგილედ დაინიშნა, სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა ლაშა რუსიამ კი უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიწყვიტა. ორივე მათგანი "ქართული ოცნებიდან" იყო არჩეული.