ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებულ მორჩაძეს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. „ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს მოზარდების მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მ.კ-ზე მოსყიდვის გზით ზემოქმედების ბრალდებით. რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ მორჩაძეს მოსყიდვის ნაწილში ბრალი მოუხსნა და მხოლოდ ზემოქმედების ბრალდება დაუტოვა.