გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილთან რევოლუციის შესახებ საუბარს უარყოფს

გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ტყუილი და მიჭრილ-მოჭრილი უწოდა უკრაინულ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს, რომელშიც თითქოს მიხეილ სააკაშვილს ელაპარაკება. „დამზადებულია ხმების სინთეზი. ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი. ეს ორი ადამიანი საერთოდ არ ესაუბრება ერთმანეთს, ერთი სხვას ამბობს, მეორე სხვას” - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ. მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ თავს სასაცილოდ იგდებს. ვაშაძის მტკიცებით, სააკაშვილთან ინტენსიური კონტაქტი არ აქვს და არ ახსოვს ბოლოს როდის ელაპარაკა. დღეს დილით, გიორგი ვაშაძე უკრაინაში გაემგზავრა და როგორც თავად თქვა, შეეცდება სამართალდამცავ ორგანოებს საკითხის გარკვევა თხოვოს.

22 ნოემბერს, უკრაინულ ვებსაიტზე zdes.com.ua გამოაქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია.“ ვებსაიტის ინფორმაციით, ერთმანეთს ესაუბრებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე. ამ ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობა დაუდგენელია, სავარაუდოდ, სააკაშვილი სავარაუდოდ, ვაშაძეს საყვედურობს, რომ რევოლუციის ხასიათზე არ არიან. "საბოლოო ჯამში შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ და თუ იტყვის რიგაგრეშე არჩევნებს, უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურზე. მნიშვნელოვანია თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ და ვიყოთ ბევრი" - ამბობს სავარაუდოდ, სააკაშვილი. მას სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ არ გამოდის, რაზეც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს და არ არის შეჩვეული იმას, რომ არ სრულდება. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატზე გრიგოლ ვაშაძეზე ამბობს, რომ ის "ხალხში სიყვარულს არ იწვევს, მაგრამ აქტიური ტიპია." ამავე ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძე ახსენებს შეხვედრას, რომელსაც დავით ბაქრაძეც ესწრებოდა და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უფულოდ არაფერი გამოვა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ტყუილი და მიჭრილ-მოჭრილი უწოდა უკრაინულ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს, რომელშიც თითქოს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება.