უკრაინის პარლამენტმა 311 ხმით, პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომლის თანახმად, შეუქცევადად ცხადდება ქვეყნის ევროპული და ევრატლანტიკური კურსი და ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრობის მიზანი. საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორია უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მან პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის კონსტიტუციით გამყარება მოსკოვისთვის იქნება ძლიერი სიგნალი, რომ უკრაინა რუსეთს მთლიანად და შეუქცევადად ემშვიდობება. პეტრო პოროშენკოს თქმით, აგრესორი სახელმწიფო - რუსეთი ვერ შეძლებს ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის სუვერენული უფლებაა. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა ყირიმის ანექსიას და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებას.
უკრაინა კონსტიტუციით განამტკიცებს კურსს ნატოსა და ევროკავშირისკენ
პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პარლამენტის სხდომაზე