რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ორი სამხედრო ვერტმფრენი, რომელიც მოქალაქეებმა კრემლის თავზე შენიშნეს, წინასწარ დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობდა. დაცვის სამსახურის მტკიცებით, უჩვეული არაფერი ხდებოდა, რადგან მსგავსი სწავლება ყოველწლიურად ტარდება. 22 ნოემბერს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანს კრემლის ტერიტორიიდან აფრენილი ორი ვერტმფრენი. ერთ მათგანს მიბმული ჰქონდა ჰაერში ტვირთის გადასატანი პლატფორმა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენები მოსკოვის ცენტრში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ.