"რუსთავი 2-ის" და "იმედის" ეგზიტპოლებით, არჩევნებში იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

ტელეკომპანიებმა "რუსთავი 2"-მა "და "იმედმა" გამოაქვეყნეს საპრეზიდენტო არჩევნების თავ-თავიანთი ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. "რუსთავი 2"-მა გამოაცხადა 17:00 საათისთვის არსებული მონაცემები, რომელთა თანახმად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმების 55 პროცენტი ერგო, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 45 პროცენტი. ტელეკომპანია "იმედმა" გაასაჯაროვა ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 42 პროცენტი. “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაციამ, “ედისონ რისერჩმა”. ამ ტელეკომპანიამ ამავე ორგანიზაციას დაუკვეთა ეგზიტპოლის ჩატარება 2010, 2012, 2017 წლების არჩევნებზე, ასევე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, 28 ოქტომბერს. პირველი ტურის შედეგი თითქმის დაემთხვა ცესკოს საბოლოო შედეგებს და ის ცდომილების ზღვარში ჯდებოდა. “იმედმა” ეგზიტპოლის ჩატარება დაუკვეთა ბულგარულ კვლევით ორგანიზაცია Gallup International-ს. სახელის მსგავსების მიუხედავად, ამ ორგანიზაციას კავშირი არ აქვს ცნობილ ამერიკულ კვლევით ორგანიზაცია Gallup-თან.