პოლონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატივი მაქვს დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღოთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში“, - ნათქვამია მილოცვაში, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით.

ანჯეი დუდა იმედოვნებს, რომ ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა კვლავაც დინამიურად განვითარდება და სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

„პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად, მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს“, - ნათქვამია პოლონეთის პრეზდენტის მილოცვაში.