უნგრეთში მოქმედი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს, რომ ის ბუდაპეშტიდან "გააძევეს" და თავისი პროგრამები ვენაში გადააქვს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასთან ხანგრძლივი იურიდიული უთანხმოების შემდეგ. უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტის რექტორი, მაიკლ იგნატიეფი 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ უნივერსიტეტი გაძევებულია. "ეს უპრეცედენტო ამბავია" - ამბობს იგნატიეფი და დასძენს: "ამერიკული უნივერსიტეტი გააძევეს ქვეყნიდან, რომელიც ნატოელი მოკავშირეა". უნივერსიტეტი ამბობს, რომ აშშ-ში აკრედიტებული პროგრამების სწავლებას ვენაში 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. თუმცა CEU გეგმავს დაიტოვოს ბუდაპეშტში მოქმედი კორპუსი და სტუდენტები, რომლებიც იქ ამჟამად სწავლობენ, შეძლებენ კურსის დასრულებას. უნივერსიტეტი, რომელიც სოროსმა 1991 წელს დააარსა, ამბობს, რომ ის გახდა სამიზნე 2017 წელს შემოღებული კანონისა უცხოური უნივერსიტეტების შესახებ. CEU-ს ორბანი დიდი ხანია მიიჩნევს ლიბერალიზმის ბასტიონად. მთავრობის პრესმდივანმა უნივერსიტეტს უწოდა "პოტიომკინის კორპუსი", რომელიც ვერ აკმაყოფილებს ახალ მოთხოვნებს. უნგრეთის მთავრობა უარს ამბობდა ხელშეკრულების გაფორმებაზე აშშ-ის ხელისუფლებასთან, რაც CEU-ს ბუდაპეშტში მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა.