მოსწავლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სამხედროები ასწავლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, უფროსკლასელთათვის მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. სწორედ ამ კურსის ფარგლებშია გათვალისწინებული მოსწავლეთათვის 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ცნობების სწავლება.

როგორც სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების თვენახევრიანი კურსი და საპილოტე გაკვეთილებს ისინი სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, იანვრიდან ჩაატარებენ. საგნის სახელმძღვანელო მომზადდა თავდაცვის სამინისტროს მიერ.

არჩევითი საგნის „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა 2018-2019 სასწავლო წლიდან დაიწყო. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება.