საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბიამ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიარაღებული ძალებიდან რამდენიმე ასეული სამხედროს დათხოვნის შესახებ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარეობს ნატოს ექსპერტების და ამერიკელი მრჩევლების ჯგუფთან შეთანხმებული ტრანსფორმაციის პროცესი და სპეცდანიშნულების ძალები უნდა განაწილდნენ ორ ადგილზე. ვლადიმერ ჩაჩიბაიას ინფორმაციით, დღეს არსებობს მხოლოდ ერთი ლოკაცია თბილისში.
„არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება სამსახურის მიღმა. ყველა სამხედრო მოსამსახურე არის დასაქმებული და ამას დაადასტურებს ჩვენი პერსონალის მართვის ცენტრის უფროსიც“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მისი თქმით, ტრანსფორმაციის პროცესი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. „ოპერატიული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი თავდაცვის გეგმა, საჭიროა შესაძლებლობები თანაბრად გადანაწილდეს, რათა საომარი მოქმედებების დროს ავტონომიურობის რეჟიმში ოპერატიულად იმოქმედოს სპეცდანიშნულების ძალებმა“, - განაცხადაგენერალმა ჩაჩიბაიამ. მისი განმარტებით, სტრუქტურული რეორგანიზაცია ნატოს სტანდარტების შესაბამისია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ყოლბაიას განცხადებით, ჩატარდა 2018 წელს დაგეგმილი რეორგანზიაცია და ყველა, ვისაც პირად შემადგენლობაში ეს პროცესი შეეხო, უკვე დანიშნულია შესაბამის თანამდებობებზე. ყოლბაიას ინფორმაციით, სამსახურის გარეშე არ დარჩენილა არცერთი სამხედრო. რაც შეეხება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც რეორგანიზაცია არ შეეხო, ირაკლი ყოლბაიას თქმით, ისინი სამსახურს ჩვეულებრივად აგრძელებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუხროვანის ბაზიდან სამხედროები გაათავისუფლეს. ტელეარხის წყაროს ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ 800-მდე სამხედრო დაითხოვა.