ტამიფლუ საშუალოდ 30 ლარით გაიაფდა

მსხვილ სააფთიაქო ქსელებში ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ შედარებით გაიაფდა. „ავერსის“ ვებ-გვერდზე პროდუქციის ჩამონათვალში „ტამოფლუს“ ფასი 68.00 ლარია. აქვე შესაძლებელია მომხმარებელმა შეიტყოს თუ რომელ მისამართზე მდებარე აფთიაქში შეძლებს მედიკამენტის შეძენას.

68.00 ლარი ღირს ტამუფლი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშიც.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს გუშინ მოუწოდა, გამოიჩინონ კორპორატიული პასუხისმგებლობა და ტამიფლუს ფასი დაწიონ. მინისტრის თქმით,მისი ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.

ამ ანტივირუსული პრეპარატის ფასი საქართველოში 70 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობს.

ტამიფლუს ფასი ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავვდება.

აზერბაიჯანში მედიკამენტი დაახლოებით 70 ლარი ღირს (45 მანათი).

სომხეთში მისი ფასი 123 ლარია (22500 დრამი), თუმცა ის ბოლო რამდენიმე წელია დეფიციტშია.

უკრაინაში ტამიფლუ 48 ლარი (507 გრივნა) ღირს.

რაც შეეხება ევროკავშირს, ესტონეთში ტამიფლუს ფასი 52 ლარია (17,17 ევრო). გერმანიის სააფთიაქო ქსელებში კი პრეპარატის შეძენა 116 ლარადაა შესაძლებელი (38 ევრო).

ტამიფლუს მწარმოებელი Roche group-ია. სწორედ ამ კომპანიისგან იძენენ სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნულ მედიკამენტს. ჯანდაცვის მინისტრი კონტრაქტის გამო, ვერ ამბობს, თუ რა უჯდება ტამიფლუს შეძენა სახელმწიფოს. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, ფასის შესახებ გაჩენილ კითხვებს "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ" უპასუხა. ასოციაციის თქმით, მათი წევრი კომპანიები ანტივირუსულ პრეპარატს მწარმოებლისგან 67,26 ლარად იძენენ.