აშშ-ის მთავრობის “შათდაუნი” - მარტივად

რა არის “შათდაუნი”?

რა იწვევს შათდაუნს?

რამდენი ადამიანი დაზარალდა?

როგორ შეიძლება დასრულდეს?

ასეთი რამ პირველად ხდება?

მესამე კვირაა, აშშ-ის ბიუროკრატიის ნაწილს მუშაობა შეჩერებული აქვს, "შათდაუნის" - მთავრობის დახურვის - დასრულების ნიშნები კი არ ჩანს. 12 იანვრიდან ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი” გახდება.

მთავრობის მუშაობის სრულად აღდგენას ხელს უშლის ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება: აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ტრამპი მუდმივად ამტკიცებდა, რომ კედლის ფულს მექსიკა გადაიხდიდა, თუმცა ახლა ის აშშ-ის ბიუჯეტიდან მოითხოვს 5,7 მილიარდ დოლარს.

დემოკრატებს კი მიაჩნიათ, რომ კედელი ძვირი და არაეფექტიანია.

რა არის “შათდაუნი”?

“შათდაუნი” დროს აშშ-ის ფედერალური სააგენტოები ვალდებული არიან, შეწყვიტონ ყოველგვარი მომსახურება. მუშაობას აგრძელებს მთავრობის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ფუნქციონირება აუცილებელია. მაგალითად, აეროპორტის უსაფრთხოება და სამართალდამცავი ორგანოები. ამ პერიოდში მომუშავე მოხელეები ანაზრაურებას არ იღებენ.

მთავრობის ნაწილობრივი "შათდაუნის" გამო, ვაშინგტონში ეროვნული არქივის შენობა არ მუშაობს

“შათდაუნი” გაგრძელდება, სანამ კონგრესი ბიუჯეტის ახალ დოკუმენტს მიიღებს და პრეზიდენტი ხელის მოწერით კანონად აქცევს.

რა იწვევს "შათდაუნს"?

ამერიკული ბიუროკრატია გადასახადების გადამხდელთა ფულით, ანუ ყოველწლიური ბიუჯეტით ფინანსდება და ის კონგრესმა უნდა მიიღოს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს 12 კანონს, რომლებშიც გაწერილია, თუ რაში უნდა დახარჯონ ფედერალურმა სააგენტოებმა ფული მომდევნო წელს.

როცა კონგრესსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, მთავრობის ნაწილი, რომელსაც დაფინანსება უწყდება, იხურება.

რამდენი ადამიანი დაზარალდა?

იმ დროს, როცა მთავრობის 75%-ის დაფინანსება არ შეწყვეტილა, დანარჩენი 25 პროცენტი 800 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. Washington Post-ის მონაცემებით, მათი ხელფასები კვირაში 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორ შეიძლება დასრულდეს?

კონგრესის წევრები მოითხოვენ, სენატმა კანონმდებლობა შეცვალოს, დაასრულოს “შათდაუნი” და საშუალება მისცეს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ დებატები კედლის აშენების აუცილებლობაზე.

10 იანვარს დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რაც აქამდე თეორიულად განიხილებოდა. აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს გამოაცხადოს “საგანგებო მდგომარეობა”, რაც მას საშუალებას მისცემს, კონგრესის გვერდის ავლით გასცეს კედლის აშენების ბრძანება. ტრამპი ამტკიცებს, რომ ამის კანონიერი უფლება აქვს, თუმცა ასე მოქცევის შემთხვევაში მაინც შეიძლება გადააწყდეს გარკვეულ სამართლებრივ წინააღმდეგობებს.

ასეთი რამ პირველად ხდება?

მთავრობის “შათდაუნი” წარსულშიც ბევრჯერ მომხდარა, თუმცა ბოლო წლებში პროცესი უფრო პოლიტიკურ კალაპოტში გადავიდა. მაგალითად, 2013 წლის ოქტომბერში, რესპუბლიკელებმა უშედეგოდ, თუმცა დახურეს მთავრობა ბარაკ ობამას ჯანდაცვის კანონპროექტის შეჩერების მიზნით. 2018 წლის დასაწყისში მთავრობა დახურეს დემოკრატებმა, მიგრანტებთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო. მანამდე “შათდაუნი” მოხდა 1995-1996 წლებში, პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს; 1990 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის დროს.

"შათდაუნების" სია:

რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს:

  • 2018 წლის დეკემბერი - 2019 წლის იანვარი: მიმდინარე
  • 2018 წლის თებერვალი: ერთი დღე
  • 2018 წლის იანვარი: სამი დღე

დემოკრატი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს:

  • 2013 წლის ოქტომბერი: 16 დღე

დემოკრატი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს:

  • 1995 წლის დეკემბერი - 1996 წლის იანვარი: 21 დღე
  • 1995 წლის ნოემბერი: ხუთი დღე

რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის დროს:

  • 1990 წლის ოქტომბერი: სამი დღე

რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის დროს:

  • 1987 წლის დეკემბერი: ერთი დღე
  • 1986 წლის ოქტომბერი: ერთი დღე
  • 1984 წლის ოქტომბერი: ერთი დღე
  • 1984 წლის სექტემბერი-ოქტომბერი: ორი დღე
  • 1983 წლის ნოემბერი: სამი დღე
  • 1982 წლის დეკემბერი: სამი დღე
  • 1982 წლის სექტემბერი-ოქტომბერი: ერთი დღე
  • 1981 წლის ნოემბერი: ორი დღე

დემოკრატი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დროს:

  • 1979 წლის სექტემბერი-ოქტომბერი: 11 დღე
  • 1978 წლის სექტემბერი-ოქტომბერი: 18 დღე
  • 1977 წლის ნოემბერი-დეკემბერი: რვა დღე
  • 1977 წლის ოქტომბერი-ნოემბერი: რვა დღე
  • 1977 წლის სექტემბერი-ოქტომბერი: 12 დღე

რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის დროს:

  • 1976 წლის სექტემბერი-ოქტომბერი: 10 დღე