ბრიტანეთში ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას, რომელიც გაიმართა ოპოზიციური ლეიობრისტული პარტიის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც 15 იანვარს ბრიტანელი კანონმდებლების ორმა მესამედმა უარყო მეის გეგმა "ბრექსიტის" თაობაზე. უნდობლობის კენჭისყრას მეი 19 ხმით გადაურჩა, 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ. ტერეზა მეი მიესალმა შედეგს და თქვა, რომ გააგრძელებს ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგზე მუშაობას. მისი თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის განსახილველად ის დაუყოვნებლივ გამართავს შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.