მოსკოვში დააკავეს ბელორუსი მოდელი ნასტია რიბკა

ნასტია რიბკა

რუსეთმა დააკავა ბელორუსი მოდელი, რომლის თქმით, მოეპოვება იმის მტკიცებულება, რომ კრემლი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდა. ანასტასია ვაჩუკევიჩი, რომელიც ნასტია რიბკას სახელითაცაა ცნობილი, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მას დეპორტაცია გაუკეთეს ტაილანდიდან.

რიბკა და ტაილანდიდან დეპორტირებული კიდევ სამი ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს, იტყობინება ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი.

როგორც ტასი იუწყება რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, დაკავებული ოთხი ადამიანი პროსტიტუციაში სხვების ჩართვაში არიან ეჭვმიტანილი.

2018 წელს ნასტია რიბკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც ეხებოდა ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას. ნავალნი ამტკიცებდა, რომ პრიხოდკომ დერიპასკასთან ერთად ნორვეგიის ნაპირებთან, ამ უკანასკნელის იახტაზე, სამი დღე გაატარა „საესკორტო სააგენტოს გოგონებთან“ ერთად. ეს ამბავი ნასტია რიბკას წიგნიდან და ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი. ნავალნიმ პრიხოდკოს კორუფციაში დასდო ბრალი.