საქართველო და რუსეთი განაახლებენ მოლაპარაკებას ოკუპირებული რეგიონების გავლით ტვირთის გადატანაზე

საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები 6 თებერვალს, ჟენევაში განიხილავენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინცპიების შესახებ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციის პერსპექტივას - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.

„თუ შედეგი დადებითი იქნება, ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევძლებთ 2011 წელს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას“ - უთხრა „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გაუსწრონ, რადგან არსებობს პროცესის პოლიტიზაციის რისკი. გამოცემა რუსეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ არსებითად, შეთანხმება საქართველოს აიძულებს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აღიაროს დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად. ამ წყაროს თქმით, შეთანხმების მთავარი აზრი ის არის, რომ 2008 წლის შემდეგ „მოიხაზა საქართველოს ახალი საბაჟო საზღვრები.“

ამასთან, „კომერსანტი“ წერს, რომ თბილისი საკითხის ასე დასმას კატეგორიულად ეწინაააღმდეგება. გამოცემას მოჰყავს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის სიტყვები, რომ საკითხის ასე დასმა არასწორია და ჩიხში შესვლას ნიშნავს. „ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ შევდივართ და მწვავე კუთხეებს თავს ვარიდებთ, რადგან გვესმის, რომ შეთანხმება ღირებულია მისი ნეიტრალური სტატუსის გამო. თუ საკითხს ასე დასვამენ, ეს ძალიან მოუხერხებელი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით და წარმატებას ვერ მივაღწევთ“ - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მიმოსვლას მონიტორინგი უნდა გაუწიოს შვეიცარიულმა კომპანიამ SGS-მა. მასთან საქართველომ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, ხოლო რუსეთმა 2018 წელს. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ჩადგებიან მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შესაბამისად, რუს და ქართველ მებაჟეებთან ერთად. ისინი ფიზიკურად შეამოწმებენ ტვირთს, ხოლო უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის გადაადგილების გაკონტროლება შესაძლებელი იქნება GPRS-ის სისტემით, ტვირთებზე დაკრული შესაბამისი სტიკერებით. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთიან ბაზაში მონაცემებს ქართველი და რუსი მებაჟეები შეიყვანენ.

2011 წლის შეთანხმებაში არ არის ნახსენები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა, ჩამოთვლილი კოორდინატების მიხედვით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა შეადგინა რუკა, სადაც ჩანს სამი დერეფნის ტრაექტორია. ერთი იწყება რუსეთის კრასნოდარის მხარეში და მთავრდება ზუგდიდთან, მეორე - რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში და მთავრდება გორთან, ხოლო მესამე დერეფანი მოიცავს ზემო ლარსი-ყაზბეგის ტერიტორიას.