რუსეთში 100-ზე მეტი ობიექტი „დანაღმეს“ დაუდგენელმა პირებმა

რუსეთში 100-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის სასწავლებლები და ადმინისტრაციული შენობები, დაიხურა აფეთქების საფრთხის შესახებ ტელეფონითა და ელფოსტით მიღებული შეტყობინებების გამო.

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ევაკუირებულ იქნა 8 ათასზე მეტი ადამიანი 66 შენობიდან. რუსეთის დედაქალაქში ამოწმებენ 41 შენობას, მათ შორის სავაჭრო ცენტრ „ცუმ“-ს, მოსკოვის ოლქის მთავრობის სახლს, მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტს, რუსული ენის პუშკინის სახელობის ინსტიტუტს. სააგენტო „მოსკვას“ ცნობით, მარტო N498-ე სკოლიდან გაიყვანეს 780 ადამიანი.

შენობების დანაღმვის შესახებ ანონიმური შეტყობინებები მიიღეს აგრეთვე პერმში, ბერეზნიკოვში, ვოლგოგრადში, შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში.

გამნაღმველებს ჯერ არც ერთ შენობაში არ აღმოუჩენიათ ასაფეთქებელი მოწყობილობა.