"თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ

დღეს დილით გაიფიცნენ კომპანია „თბილავიამშენის“ თანამშრომლები. ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით გაფიცულია 120-მდე თანამშრომელი.

საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მედიაციის 21 დღიანი პროცესი შეთანხმების გარეშე დასრულდა, ამიტომ დასაქმებულებმა პროტესტის მძიმე ფორმას - გაფიცვას მიმართეს.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები მოითხოვენ შრომის ანაზღაურების გაზრდას, საპრემიო სისტემის ამოქმედებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას. კომპანიის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის ზღვარი 1000 ლარი უნდა იყოს.

გაფიცულთა ინფორმაციით, მედიაციის პროცესში კომპანიის ადმინისტრაციამ ხელფასის გაზრდაზე უარი თქვა, საპრემიო დანამატად კი დასაქმებულებს მიზერული თანხა შესთავაზა.

კომპანია "თბილავიამშენი," რომლის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი, 2010 წლიდან სახელმწიფოს მფლობელობაშია.