გლდანის პოლიციაში დასრულდა მძევალი ქალის გამოკითხვა

გლდანის პოლიციაში დასრულდა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმამდე მძევლად აყვანილი ახალგაზრდა ქალის გამოკითხვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქალი გლდანში მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომელია:

„დილით სამსახურში არ მოვიდა. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გაიტაცეს. მეტი არაფერი ვიცით, რა მოხდა და როგორ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილმა მძევალი ქალის თანამშრომლებმა.

გამოკითხვაზე რჩება კიდევ ერთი მძევალი ახალგაზრდა კაცი. დედის ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, მის ვაჟს ეკუთვნის.

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა 8 მარტს, დილით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა პოლიციის გამოჩენის შემდეგ ცეცხლი გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.