ოკუპირებულ გალის რაიონში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

ხიდი გალის რაიონის სოფელ ოტობაიასა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას შორის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი ლევან ძაძუა.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ოტობაიაში ორმა წყარომ დაუდასტურა. მათი ცნობით, ლევან ძაძუა გვიან ღამით, სახლიდან წაიყვანეს და დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

„ოჯახის წევრები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და არაფერი იციან. ეს არის უპატიოსნესი ოჯახი. რა მოხდა და რისთვის დააკავეს არაფერი არ ვიცით“ - გვითხრა ოკუპირებულ ოტობაიაში, ძაძუების მეზობლად მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომელმაც გვთხოვა უსაფრთხოების მიზნით მისი ვინაობა საჯაროდ არ დავასახელოთ.

ამ ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.