„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშები ქარხნის წინ პერმანენტულ აქციებს იწყებენ

19 მარტიდან „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ქარხნის წინ მუშებმა კარავი დადგეს.

მათი განმარტებით, ისინი ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო ქმედებებს აპროტესტებენ.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშები 6-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.

გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6-თვიანი დავალიანება 19 მარტს უნდა დარიცხოდათ.

სახელფასო დავალიანების დაფარვის დაპირება ქარხნის თანამშრომლებმა ადმინისტრაციისგან 5 მარტს მიიღეს.

"ელმავალმშენებელ" ქარხანაში სულ 1200-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელფასო დავალიანება სააქციო საზოგადოებას მათი უმეტეს ნაწილის მიმართ აქვს. მათგან უმრავლესობას 3-4 თვეა არ აუღია ხელფასი, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მიმართაც დაგროვილია 5-6 თვის დავალიანება. საშუალო ხელფასი საწარმოში 600-700 ლარია.