თეთრი სახლი აპირებს დახმარება შეუწყვიტოს სალვადორს, ჰონდურასსა და გვატემალას

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს შეუწყვიტოს ფინანსური დახმარება ცენტრალური ამერიკის სამ ქვეყანას - სალვადორს, ჰონდურასსა და გვატემალას. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადანაშაულებს ამ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც არანაირად არ უშლიან ხელს მიგრანტების ქარავანს, მექსიკის გავლით აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ რომ მიემართება საზღვარზე გადასვლისა და აშშ-ში თავშესაფრის მიღების მიზნით.

ბოლო დღეებში ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მიღების მსურველთა ნაკადი კვლავ გაიზარდა. ტრამპი იმუქრება, რომ მთლიანად დაკეტავს საზღვარს მექსიკასთან, თუ არ იქნება მიღებული ზომები ვითარების გამოსასწორებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მიიღო დონალდ ტრამპისგან მითითება შეწყვიტოს ამ სამი ქვეყნისათვის დახმარების გამოყოფა.

მაგრამ, როგორ ჩანს, ამისათვის საჭირო იქნება კონგრესის თანხმობა, სადაც დემოკრატები მკვეთრად ილაშქრებენ ასეთი ნაბიჯის წინააღმდეგ.