სამუშაო ადგილებზე მომხდარი 224 უბედური შემთხვევიდან მხოლოდ 19-ზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა

"სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად აღემატება. აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. ამდენად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება" - ვკითხულობთ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება და 2018 წლის მდგომარეობას ასახავს.

"საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით კი დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა."

სახალხო დამცველისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.