სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალური მუშაკების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 2019 წლის 26 მარტი

სოციალურმა მუშაკებმა შეწყვიტეს გაფიცვა, რომელიც 25 მარტიდან მიმდინარეობდა.

სოციალური მუშაკების განცხადებით, იაზრებენ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე და 2 აპრილიდან აგრძელებენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

გარდა ამისა, სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვიტეს დააფუძნონ პროფესიული კავშირი და ყველა შეუთანხმებელ საკითხზე მუშაობა გააგრძელონ კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატით.

„სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ წამოვიწყეთ 2019 წლის 8 თებერვალს. ჩვენი მოთხოვნები შეეხებოდა როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასევე ბენეფიციარებისთვის მომსახურებების შექმნასა და გაუმჯობესებას. თვენახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ვისარგებლეთ გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით და 25 მარტიდან გავიფიცეთ. გაფიცვიდან მხოლოდ მე-4 დღეს მოხდა შეხვედრა მინისტრსა და გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ამ შეთანხმების პირობები ამ ეტაპზე მხარეთა შორის არ არის დოკუმენტირებული და ხელმოწერილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი“ - ნათქვამია სოციალური მუშაკების მიერ 2 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთვა ტექნიკური საქმიანობისგან;

სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება;

12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს;

გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა;

დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში;

დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება;

სოციალური მუშაკების ინფორმაციით, შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე:

არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები;

არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა;

შეთანხმება არ არის საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით;

სოციალური მუშაკების განცხადებით, 1 აპრილს მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტებს და თხოვეს, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყონ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

სოციალური მუშაკების ინფორმაციით, იმავე დღეს მათთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ.

„ჩვენ ვწყვეტთ გაფიცვას და 2 აპრილიდან ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ველოდებით პარლამეტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას. ამასთანავე მიუხედავად იმისა რომ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარების მომსახურება სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რეაგირება ხდებოდა მხოლოდ ახალ განცხადებებზე. ჩვენ და ყველა ადამიანი , რომელიც იცნობს სოციალური მუშაობის და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იაზრებს, რომ სოციალური მუშაკის როლი ჩაუნაცვლებელია და სხვა სფეროს წარმომადგენლები ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის მოვალეობებს. ჩვენ გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიმდინარე შემთხვევებზე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე“ - ნათქვამია სოციალური მუშაკების განცხადებაში.