საქართველოს და უკრაინის მთავრობის წევრებმა საერთო გამოწვევებზე ვაშინგტონში იმსჯელეს

დავით ზალკალიანი და ივანა კლიმპუშ-ცინცაძე

რუსეთის მხრიდან არსებულ საერთო გამოწვევებზე ვაშინგტონში ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

მათი შეხვედრა ნატოს დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა და ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის და აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე. მათ ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს მიერ ვაშინგტონში მიღებულ ახალ პაკეტზე, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად შეაფასეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგიც.