ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში მეხუთე დღეა გრძელდება თალიბებთან შეტაკება

ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცი ბადღისის პროვინციაში მდებარე ბალა მორღაბის რაიონში. 2017 წლის 26 მარტის ფოტო

ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში მდებარე ბადღისის პროვინციაში გრძელდება ავღანელი სამხედროების შეტაკება თალიბებთან, რომლებმაც ხუთი დღის წინ წამოიწყეს ფართომასშტაბიანი იერიში.

თავდაცვის სამინისტრომ 8 აპრილს გამოაცხადა, რომ ბოლო ორ დღე-ღამეში ბრძოლებმა შეიწირა მთავრობის უსაფრთხოების ძალების, სულ ცოტა, 12 წევრი. ეს ნიშნავს, რომ დაღუპულების რიცხვმა, მთლიანობაში, 40-ს გადააჭარბა.

ასევე სამინისტროს თანახმად, დაიჭრა 10 ჯარისკაცი და 24 პოლიციელი და მოკლულ იქნა "99 თალიბი ტერორისტი“.

ბადღისში მდებარე ბალა მორღაბის რაიონში შეტაკებები გრძელდება მას შემდეგ, რაც 3 აპრილის საღამოს ასობით თალიბი ექსტრემისტი დაესხა თავს უსაფრთხოების ძალების რამდენიმე ბლოკ-პოსტს.

გასული კვირის მიწურულს ავღანეთისა და ნატოს ძალებმა საჰაერო იერიშები განახორციელეს ხმელეთზე მებრძოლი ჯარისკაცების დასახმარებლად.