ბათუმის საკრებულოს წევრთა ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს

პოლიცია ბათუმის საკრებულოსთან

ბათუმის საკრებულოში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ფიზიკური დაპირისპირების გამო.

კონფლიქტს წინ უძღოდა საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მირდატ ქამადაძის განცხადება, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციას ვერ იღებენ ბათუმის მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების, მათ შორის წყალმომარაგების და დასუფთავების კომპანიების საქმიანობის შესახებ. ქამადაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მიზეზი ამ სტრუქტურებში არსებული კორუფცია და ნეპოტიზმია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხით მანიპულირებს და რეალურად ითხოვს არა საჯარო, არამედ პერსონალურ ინფორმაციას. მმართველ პარტიაში ოპონენტებს ურჩიეს, სასამართლოსთვის მიემართათ.

ამ საკითხზე კამათს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მირდატ ქამადაძესა და "ქართული ოცნების" წევრს, ირაკლი პატარიძეს შორის.