ბათუმში ნაპოვნი, სავარაუდოდ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების დაკრძალვა გადაიდო

ბათუმში აღმოჩენილი, სავარაუდოდ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების დაკრძალვა გადაიდო. ინფორმაციას ავრცელებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

„მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნება დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების. დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ“ - ნათქვამია ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე.

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ 5 და 8 აპრილს გაავრცელა განცხადებები, რომ ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დროებით სარგებლობაშია, გაითხარა 4 სამარხი და იქ აღმოჩნდა 1937-1938 წლებში, ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი.

სამარხის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას მოჰყვა რეპრესირებულთა შთამომავლების მოთხოვნა დნმ-ის ანალიზის ჩატარების და სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.