ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო წვრთნები გრძელდება

რუსი სამხედროები ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაჯგუფებებმა ტაქტიკური საჰაერო სწავლება ჩაატარეს - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, საჰაერო მობილურმა ჯგუფებმა დაამუშავეს მთებსა და შავი ზღვის სანაპიროზე საჰაერო დესანტის ამოცანები. ამავე უწყების ცნობით, ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობდნენ რუსული საბრძოლო ვერტმფრენები „ტერმინატორი“ და „ალიგატორი.“

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ კვირის დასაწყისიდან მიმდინარეობს სამხედრო სწავლება, რომელშიც რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, მონაწილეობს 3 ათასამდე სამხედრო, 400 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და შავი ზღვის ფლოტის გემები.