შრი-ლანკის პოლიციის ცნობით, 15 გვამი აღმოაჩინეს შენობაში, რომელშიც აფეთქებები მოხდა, როცა სამართალდამცველები მასში შეჭრას აპირებდნენ. რეიდი ტარდებოდა შრი-ლანკაში აღდგომის დღესასწაულზე, 21 აპრილს მოწყობილ ტერაქტებთან დაკავშირებით.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, არმიის მხარდაჭერით, პოლიციელებსა ალყა ჰქონდათ შემორტყმული ქალაქ საინტამარუტუში მდებარე სახლისათვის, როცა აფეთქებების ხმა გაისმა.
ოპერაცია დაიწყო 26 აპრილის საღამოს - მას შემდეგ, რაც პოლიციამ შეატყობინა სამხედროებს სავარაუდო ექსტრემისტების სამალავის შესახებ. საინტამარუტუ დედაქალაქ კოლომბოს აღმოსავლეთით, 360 კილომეტრში მდებარეობს.
პოლიციის ვარაუდით, აფეთქებები ერთმა, ან ორმა თვითმკვლელმა მოაწყო. 15 დაღუპულს შორის ექვსი ბავშვია.
სამალავში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები, სამხედრო უნიფორმები, „თვითმკვლელის აღჭურვილობა“ და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა 21 აპრილის თავდასხმებზე კოლომბოში და მის გარშემო მდებარე სასტუმროებსა და ეკლესიებზე. დაიღუპა 250-ზე მეტი, დაიჭრა 500-მდე ადამიანი.