გაეროს გენერალური მდივანი „გულახდილად“ ესაუბრა ჩინეთის ლიდერს უიღურების ბედზე

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას წამოჭრა ჩინეთში უიღურთა უმცირესობის უფლებების დარღვევის საკითხი.

გაეროს პრესმდივნის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გუტერეშმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები „სრულად“ უნდა იქნეს დაცული ტერორიზმთან და ექსტრემისტების ძალადობასთან ბრძოლის დროსაც.

გაეროს ლიდერი 26 აპრილს პეკინში შეხვდა სი ძინპინს. დუჟარიკის სიტყვებით, საუბარი „ძალიან გულითადი“ და „გულახდილი“ იყო.

შეხვედრამდე გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ აღმასრულებელი დირექტორის, კენეთ როთის სტატია, რომელშიც ის გუტერეშს აკრიტიკებს „ადამიანის უფლებებზე დუმილისთვის“.

უფლებადამცველები ჩინეთს გმობენ მილიონამდე მუსლიმის, მათ შორის უიღურების „ხელახალი აღზრდის ცენტრებში“ მოთავსებისათვის, რადგან ასეთი ცენტრები, სინამდვილეში, მასობრივ საპატიმროებად არის მიჩნეული.