პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
„ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა შევეწინააღმდეგოთ. წარმოდგენილი პროექტით დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთებზე გამოხატვა და ა.შ. პროექტის მიზანია, რომ პრევენციულად მოვახდინოთ გავლენა იმ არასწორ პროცესზე, რომ ასეთი სახით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება და პროპაგანდას ადეკვატური ქმედებებით დავუპირისპირდეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დასჯადი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. აღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან საქმიანობის ლიკვიდაციით დაისჯება.