სოხუმში დაჭრეს მამაკაცი, რომელმაც რუსული პასპორტი დაწვა

ბესლან ჭკადუამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ თურქეთში რუსულ პასპორტს წვავს.

სოხუმის ცენტრში დაჭრეს ადგილობრივი მცხოვრები, 30 წლის ბესლან ჭკადუა, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე რუსული პასპორტის დაწვის ვიდეოს გავრცელებით არის ცნობილი.

როგორც აფხაზური ინტერნეტგამოცემა „აფხაზია ინფორმი“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, 4 მაისს ბესლან ჭკადუას სოხუმის ცენტრში თავს დაესხნენ ამ დროისთვის დაუდგენელი პირები და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებული სოხუმის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც „აფხაზია ნოვოსტი“ იუწყება, ექიმების თქმით, პაციენტს მრავლობით ჭრილობა ჰქონდა კიდურების არეში, ასევე გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუში. შედეგად დაზიანებული ჰქონდა დიაფრაგმა, ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.

კიდევ ერთი აფხაზური გამოცემა „აფსნი ლაიფი“ წერს, რომ ბესლან ჭკადუა, ფეისბუკზე მწვავე განცხადებებით გამოირჩევა. მან 2 თვის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა სადაც ჩანს, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ თურქეთში რუსულ პასპორტს წვავს. ვიდეოში ის მიმართავს რუსეთის საკონსულოს, რომ უკვე არ აქვს რუსული პასპორტი და აქვს მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია მისი სხვა ვიდეომიმართვებიც, სადაც აცხადებს, რომ მზად არის იომოს ამერიკასთან და რუსეთთანაც „აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის“.

ბესლან ჭკადუამ 2 მაისს გამოაქვეყნა ფეისბუკზე ფოტო, რომელიც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზეა გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ მას ყელზე ე.წ. აფხაზური დროშა აქვს შემოხვეული.