ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე საგზური „ტოტენჰემმა“ მოიპოვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისის გუნდები ითამაშებენ. ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულისთვის ერთმანეთს „ლივერპული“ და ლონდონის „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან.

„ლივერპულის“ „ბარსელონასთან“ გამარჯვებიდან (4:0) ერთ დღეში - 8 მაისის ღამეს გაინაღდა ფინალის საგზური „ტოტენჰემმა“. ლონდონელები ამსტერდამში ჩავიდნენ და „აიაქსი“ 3:2 დაამარცხეს, ლუკას მოურას ჰეთ-თრიქით. ორი თამაშის ჯამში კი მეტოქეს სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით აჯობეს, რადგან ერთი კვირის წინ „აიაქსს“ ინგლისში მინიმალური ანგარიშით ჰქონდა მოგებული.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს მადრიდში გაიმართება.