ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის წამყვანის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

ლევან თორია

ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის, "ლუსტრაცია" წამყვანი, ლევან თორია, რომელსაც ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ მისთვის ბრალის წარდგენა, მაშინ როცა ის რეალურად თავს იცავდა და უდანაშაულოა, არის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების მორიგი მცდელობა.

„ეს არის ზეწოლის მცდელობა ტელევიზიაზე და ჟურნალისტებზე. ეს არის ზეწოლის მცდელობა კრიტიკული აზრი მქონე ადამიანებზე. ეს არის ზოგადად ადამიანების დაშინების მცდელობა. ეს მარტო მე არ მეხება, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობა არავის შეგვაშინებს და სულ მალე დასრულდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან თორიამ.

ლევან თორიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს, 18 მაისს უნდა გაიმართოს, თუმცა სხდომის ზუსტი დრო ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ჟურნალისტს სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. „ველოდები ყველაფერს ცუდს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის წამყვანს, ლევან თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 17 მაისს წარედგინა. საქმე ეხება 14 მაისს დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარ ინციდენტს, სადაც ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები გადაცემის ჩაწერის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს.

საქმეზე დაკავებულია მოქალაქე გელა კვარაცხელია. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ცნობით, 17 მაისს ამ საქმეზე ბრალი წარედგინა კიდევ ერთ პირს, მ.ც-ს, დაზარალებულად ცნეს ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე.

ოპოზიცია ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გელა კვარაცხელია „ქართული ოცნების“ წევრი ან კოორდინატორი არ არის.