თბილისის მთაწმინდის ოლქიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე.
ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მთაწმინდის 31-ივე უბნის მონაცემების თანახმად, 19 მაისის არჩევნებში კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო შავგულიძემ 36,83%.
ამომრჩეველთა აქტივობა იყო 34,27%.
თბილისის მთაწმინდის ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრიდა 20 კანდიდატი. მათგან 14 პოლიტიკური პარტიებიდან და ბლოკებიდან და 6 საინიციატივო ჯგუფებიდან.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წელს არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.