კახეთის ორი მუნიციპალიტეტი სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზარალა

სეტყვით დაზიანებული ვენახი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 5 სოფელი დაისეტყვა - კუჭატანი, გავაზი, ჭიკაანი, სანავარდო და წიწკანაანთსერი. ადგილობრივი ფერმერების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საზამთროს, ნესვის და მარწყვის ბაღებს და ვენახების ნაწილს.

ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და სპეციალისტები სტიქიის ზონაში უკვე მუშობენ. თუმცა, გლეხებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

წუხელ კახეთში იყო ძლიერი ქარიც, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოფლებს ანაგას, ვაქირს, ბოდბისხევს და ნუკრიანს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ელექტროსადენების შეკეთება და სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.