უფლებადამცველები აკრიტიკებენ რუსეთის ტელეარხ ენ-ტე-ვე-ს

არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელ ორგანიზაცია "გოლოსის" მმართველთა საბჭოს წევრი, რომან უდოტი

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ რუსეთში აქტივისტის დაპატიმრებას გამოეხმაურა მკაცრი კრიტიკით ტელეარხ ენ-ტე-ვე-ს მიმართ.

ენ-ტე-ვე, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აკონტროლებს, „ჰიუმან რაითს უოჩის“ შეფასებით, უხეშად ეპყრობა უფლებადამცველ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს, ამზადებს მანიპულირებულ სიუჟეტებს მათთვის სახელის გასატეხად.

„ჰიუმან რაითს უოჩის“ ეს განცხადება რამდენიმე დღეში მოჰყვა რუსეთში არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელ ორგანიზაცია „გოლოსის“ წევრის, რომან უდოტის დაპატიმრებას.

უფლებადამცველების აზრით, ეს ნაბიჯი უკავშირდება 2018 წლის მარტში მომხდარ ინციდენტს, როცა ენ-ტე-ვე-ს კორესპონდენტები მოსკოვის აეროპორტში მივარდნენ და შეკითხვები "დააყარეს" უდოტს.

ურთიერთშელაპარაკების დროს, უდოტის მხრიდან სიტყვიერი აგრესია იყო მიმართული ჟურნალისტის მიმართ, როცა მან ახსენა მცდელობა, უდოტს დაკავშირებოდა დედამისის მეშვეობით.

ინციდენტის შემდეგ, უდოტმა ჟურნალისტს უჩივლა. მაგრამ მას შემდეგ დაიწყო ასევე გამოძიება ჟურნალისტის მოკვლით მუქარაში ბრალდების საფუძველზე.

საქმის განხილვა შეწყდა, სანამ უდოტი ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მაგრამ რუსეთში ამ თვეში დაბრუნების შემდეგ, უდოტმა გამოძიების განახლება მოითხოვა.

20 მაისს უდოტი დაკითხეს, დააკავეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას - „ჰიუმან რაითს უოჩის“ მონაცემებით - 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.