ბათუმში რუსული დროშებით მსვლელობის გამო აჭარის განათლების მინისტრი გადააყენეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკადრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. საქმე ეხება, 26 მაისს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე გამართულ მსვლელობას, რომლის მონაწილეებს თან ჰქონდათ რუსული დროშები და ტრანსპარანტები წარწერით: Russia და სკანდირებდნენ "რასიას".

მსვლელობა გაიმართა ფესტივალის, „ოქროს დელფინის“ ფარგლებში, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო აწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად.

ბათუმში რუსული დროშებით მსვლელობას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.