ხატია მოისწრაფიშვილი: პასუხისმგებლობის გააზრება მას მოვთხოვოთ, ვინც არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს

„დავით გარეჯის საკითხის ირგვლივ გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მათ შორის ის, რომ თითქოს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთდა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება", - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის პრესსპიკერი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებს ჩამოთვლის, რომელიც მისი თქმით, პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის თემაზე გააკეთა და მისივე თქმით, ამ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო დავით გარეჯში სიტუაციის გართულებასთან:

„პირველი განცხადება აზერბაიჯანში, ოფიციალური ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან: „გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მჯერა და ვისურვებდი, რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობების და მეგობრობის. ამ იმედით მინდა, დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა“.

მეორე განცხადება, რომელიც "ევროპა ნოსტრას" ექსპერტებთან ერთად, პრეზიდენტმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა: „ამოვედი დავით გარეჯის ზედა ნაწილში "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად და დავათვალიერეთ კლდის ნახატები და ფრესკები. ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მესამე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა:

"საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ, ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა. მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები".

კითხვაზე, რატომ დაიძაბა დავით გარეჯში ვითარება სალომე ზურაბიშვილის მიერ დელიმიტაციის საკითხის წამოწევის შემდეგ, ხატია მოისწრაფიშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი კომისიის მუშაობის განახლებაა, ხოლო პასუხისმგებლობა მათ უნდა იგრძნონ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

„პასუხისმგებლობის გააზრება იმათ მოვთხოვოთ, ვინც არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. კომისიამ რომ განაახლა მუშაობა, ამაზე არ ვსაუბრობთ? ეს ურთულესი საკითხი სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში იყო გაყინული. ყოველთვის იყო შესაძლებელი მისი წამოჭრა, მაგრამ რატომღაც სხვა დროს ეს არ მოხდა. ახლა განიხილება და ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ კომისიას მუშაობის საშუალება. კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, გაყინულია, ეს არის შედეგი. პატრიარქმა გააკეთა გუშინ განცხადება და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, მათ შორის სასულიერო პირების განცხადებებს შორის. ოპოზიციურ ლიდერებს შორისაც კეთდება განცხადებები, მათ შორის თვლიან, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი ყველა სხვა დანარჩენ ინტერესთან მიმართებაში ყოველთვის წინ უნდა იდგეს. უნდა ვიხელმძღვანელოთ აქედან გამომდინარე. მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვრები. მოლაპარაკებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ორ კეთილმეზობლურ და მეგობარ ქვეყანას შორის დადგენილი საზღვრის გარეშე, არ არსებობს არც ქვეყნის დამოუკიდებლობა, არც განვითარება, მათ შორის ეკონომიკური, არც უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ამის იმედი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და მივიღოთ სასურველი შედეგი", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე.