30 მაისს თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

30 მაისს თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. წელს, პირველად, ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ, მე-3, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონში გაიშლება და 70-მდე მონაწილესა და ასზე მეტ ღონისძიებას გააერთიანებს.

პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 30 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც სფეროს წარმომადგენლები, ქართველი და საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით, საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების შესახებ იმსჯელებენ.

ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეყოლება ფოკუს ქვეყანა და 2019 წელს ამ სტატუსით ფინეთი ისარგებლებს. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მე-6, საბავშვო პავილიონში, პატარა მკითხველებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს.

მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის წარმოდგენილი იქნება საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. ამავე პავილიონში პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში კინოსა და თეატრის მსახიობები უმასპინძლებენ, წარადგენენ წიგნებს და გამართავენ საჯარო კითხვას. მე-5 პავილიონში დამთვალიერებელს ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების ილუსტრაციებისა და წიგნების გამოფენა - ,, ნახატის ენა“ დახვდება.

2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, 2020 წლის თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის სტატუსს თურქეთი ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას, 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს.

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.