სამართალდამცავებმა დააკავეს სამი პირი, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ ვიზუალურად მსგავსი ვებგვერდების მეშვეობით, მოქალაქეთა თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ.
დაკავებულთაგან ერთი საქართველოს, ორი კი თურქეთის მოქალაქეა.
მათ ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.
მსგავსი დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირები „სოციალურ ქსელ ფეისბუქზე რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თიბისი ბანკის“ ინტერნეტ-ბანკინგის ვებგვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა ფეისბუკის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებგვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს."
შსს-ს ცნობითვე, დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ, მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ და ამ ქმედებით მოქალაქეებს 200 000 ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.