ავიაციის სააგენტოს ცნობით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი შემოწმებული იყო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ტექნიკურად შემოწმებული იყო.

„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში(ყაზბეგი) ჩამოვარდა კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ვერტმფრენი. კომპანიის ინფორმაციით, დაიღუპა პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.