„ლიმის ჯგუფის“ ქვეყნები, რომელიც ამერიკის ორი კონტინენტის სახელმწიფოებს აერთიანებს, გამოვიდნენ მოწოდებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ გაზარდოს ზეწოლა ვენესუელის მოკავშირეებზე, მათ შორის რუსეთზე, რათა გადაიჭრას ვენესუელის მზარდი კრიზისი და დახმარება გასწიონ მისი „უკანონო“ მთავრობის შესაცვლელად. როგორც ლიმის ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია კონტაქტების გაღრმავება ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც განაგრძობენ ნიკოლას მადუროს უკანონო რეჟიმის მხარდაჭერას. მათ შორის მოხსენიებული არიან რუსეთი, ჩინეთი, კუბა და თურქეთი.
ლიმის ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა ვენესუელის ხანგრძლივი კრიზისის მოგვარებისთვის ხელის შესაწყობად. უკანასკნელ განცხადებას, რომელიც გვატემალა სიტიში შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ხელს აწერენ არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, გვატემალა, ჰონდურასი, პანამა, პარაგვაი და პერუ.
ჯგუფი გმობს სისტემატურ თავდასხმებს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეაზე, რომლის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ მადუროს მთავრობა გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. აშშ და კიდევ 50-მდე სახელმწიფო მხარს უჭერს მადუროს ჩამოგდებას, რომლის წინააღმდეგ ათასობით ვენესუელელი მართავს საპროტესტო დემონსტრაციებს.