სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს მამინაცვალი დააკავეს

სანზონაში 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი დააკავეს.როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბავშვის მამინაცვალი სამართალდამცავებმა 20 მაისს დააკავეს.

არკადი ძავაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინდა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია ასევე გოგოს დედა ლელა ქსოვრელი.

ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგოს, დედამ, ლელა ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანის ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგოს 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

ეს საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.