Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა ქსოვრელის საქმის განხილვა დაიწყო - პროკურატურა დედის დასჯას ითხოვს


4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმემ პროკურატურიდან სასამართლოში გადაინაცვლა. 3 აპრილს საქალაქო სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარეების არსებით არგუმენტებს მოუსმინა.

“ბავშვი გარდაიცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და არა დანაშაულის შედეგად. პროკურორმა პირველ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები”, - ამბობს ადვოკატი ბესიკ ტალახაძე. იგი სასამართლოში ლელა ქსოვრელის უფლებებს იცავს.

ლელა ქსოვრელს პროკურატურა საკუთარი შვილის, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დედა შვილს ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანებებს სისტემატურად, წინასწარი შეცნობით აყენებდა.

პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე ამტკიცებს, რომ გამოძიების მტკიცებულებები გამორიცხავს არასრულწლოვანს სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო ისეთი თვითდაზიანები მიეყენებინა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდებოდა. ეს დაცვის მხარის ვერსიაა.

პირველი სასამართლო სხდომა, რომელიც 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს განიხილავს დახურული იყო. პროცესს არც ბავშვის მამინაცვალი ესწრებოდა, თუმცა მედიას მან ინტერვიუ მისცა და კვლავ საკუთარი მეუღლის პოზიცია დაიცვა. ლელა ქსოვრელი გამოძიების პროცესში დუმილის უფლებით სარგებლობდა. მისი მეუღლე, არკადი ძავაშვილი ამტკიცებს, რომ გერმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები აბაზანიდან გადმოვარდნისას მიიღო.

ლელა ქსოვრელის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:23 0:00

პროკურატურის ინფორმაციით კი, გარდაცვალების წინ 4 წლის გოგონას დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენა. ეს საგანი საქმეში ნივთმტკიცებადაა შეტანილი. შემთხვევა, რამაც სიკვდილი გამოიწვია 21-22 იანვარს მოხდა.

გოგონას ტვინი მკვეთრად შეუშუპდა, სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს 4 წლის გოგონას ერთი წლით უფროსი ძმის საქმეზეც. მასაც სხეულზე მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდა. ბავშვის მამა ამ ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ბავშვს არავინ სცემდა, მან სხეული სახურავიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიზიანა.

4 წლის გერის გარდაცვალებიდან მალევე არკადი ძავაშვილს შვილები განარიდეს, ახლა ის მათ დაბრუნებას ითხოვს და თავის დაწვით იმუქრება.

გამოძიება ასევე ეძებს სოციალური მუშაკების შესაძლო გულგრილობისა და დანაშაულის კვალსაც. ამ საქმის განხილვისას ნათელი უნდა მოეფინოს იმასაც, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბავშვების განრიდება სახიფათო ვითარებიდან.

გოგონა დაბადებიდან მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. ბავშვი დედასთან 2018 წლის აგვისტოში დააბრუნეს. ლელა ქსოვრელს 4 წლის შვილთან კონტაქტი 2019 წლის 6 იანვრიდანაკრძალული ჰქონდა.

ლელა ქსოვრელს ბრალი წაუყენეს შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის ბავშვის სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 2019 წლის 23 იანვარს.

მომდევნო სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 აპრილს დაინიშნა. ამ სხდომაზე დაგეგმილია 70-მდე მოწმის გამოკითხვა. შემდეგი სხდომა ისევ დახურული იქნება. სასამართლო პროცესზე დაიკითხება 70-მდე მოწმე - ოჯახის წევრები, მეზობლები, ექსპერტები, გამომძიებლები, სოციალური მუშაკები, გამომძიებლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG